ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში ჰომოფობიური და პროპაგანდისტული კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებას გმობს.
როგორც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, კანონი "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" მათთვის შემაშფოთებელია.
"კანონი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს. [ხელისუფლებას] მოვუწოდებთ საკანონმდებლო პაკეტის გაუქმებისკენ. ეს ძირს უთხრის დემოკრატიას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ზიანს აყენებს ჩვენს ურთიერთობებს" - ნათქვამია განცხადებაში.
4 სექტემბერს, ქართული ოცნების 81-მა დეპუტატმა, ჰომოფობიურ და პროპაგანდისტულ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.
ევროკავშირი ჰომოფობიური კანონპროექტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას არ ეთანხმება. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას კანონის სრულად გადახედვისკენ მოუწოდებს.